საკრებულოს სხდომა
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წარედგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომლის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 308 727,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ - 343 456,8 ათასი ლარი, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ - 361 377,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 337 641,2 ათასი ლარი.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №22 დადგენილებაში, რომლის თანახმად, მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურს ემატება საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება, რომელიც შედიოდა განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის შემადგენლობაში.
ასევე ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო მონიტორინგის, საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის განყოფილების ჩამოყალიბებას „სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილების“ სახით. აღნიშნული განყოფილებისათვის განკუთვნილი მუნიციპალური ორგანიზაციების კოორდინაციის ფუნქციებს განახორციელებს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო დარჩენილ ფუნქციებს განახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი.
დამტკიცდა ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №20 დადგენილებაში, რომლის მიზანია მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების გაუქმება. ფუნქციები, რომლებიც განეკუთვნება ამ განყოფილების კომპეტენციას, შესაძლებელია გადავიდეს ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებაში, რომელიც შინაარსობრივი და მიზნობრივი თვალსაზრისით ასევე უპასუხებს გასაუქმებელი განყოფილების ფუნქციებს.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში, რომლის მიზანია განყოფილებების დაჯგუფება დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად, რომელთა მიერ მოხდება როგორც პროგრამების დაგეგმვა, ასევე, განხორციელება და მონიტორინგი. კერძოდ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში ჩამოყალიბდა სამი განყოფილება ოთხის ნაცვლად.
ასევე შეიცვალა ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, რაც ასევე გულისხმობს ცვლილებას სტრუქტურული ქვედანაყოფების დასახელებასა და განყოფილებების უფლებამოსილებებში.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ახალი სახელწოდებით ჩამოყალიბება და ფუნქცია-მოვალეობების, კომპეტენციის და ადამიანური რესურსის ახლებურად გადანაწილება სამსახურების ფუნქციების ოპტიმალური შესრულების თვალსაზრისით.
საკრებულომ მხარი დაუჭირა რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მოძრაობის გაცალმხრივების გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ასევე საცობების თავიდან აცილების მიზნით.
მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა ადგილობრივი საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში, რაც გულისხმობს #18 სამარშრუტო ხაზის დანიშვნას შემდეგი მიმართულებით: შარაშიძის, მამია ვარშანიძის, გენერალ ასლან აბაშიძის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის ქუჩები, საბაგირო.
დამტკიცდა ცვლილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რაც გულისხმობს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ერთი ობიექტის დამატებას.
საკრებულომ ასევე ცვლილება შეიტანა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2024 წლის 16 იანვარს გაფორმებული #35 ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის მიზნით განკარგულებით განსაზღვრული ქონების შეფასება/გადაფასება. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე (თევზების ბაზრის მიმდებარედ) არსებული 3159.00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებად განსაზღვრული იქნა 3 191 327 ლარი, რომლის 5% შეადგენს 159 566,35 ლარს. პროექტის მიხედვით, საბოლოოდ, ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრულია 160 000,0 ლარის ოდენობით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა განკარგულება „თვითმმართველი ქალაქის ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და თემურ თხილაიშვილს (უფლებამონაცვლე დავით შამილაძე) შორის 2006 წლის 11 მაისს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, რაც გულისხმობს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ, აღნაგობის უფლების გაგრძელებას აღნაგობის უფლების მქონე პირისთვის, ამ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 წლით.
დამტკიცდა განკარგულება „თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და ბორის გამრეკელს (უფლებამონაცვლე შპს ,,სინათლე“ შორის 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“. დოკუმენტი გულისხმობს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ, აღნაგობის უფლების გაგრძელებას აღნაგობის უფლების მქონე პირისთვის, ამ მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, რომელიც განისაზღვრება 10 წლით. აღნაგობის საზღაური განისაზღვრა წელიწადში 31000 ლარის ოდენობით.
დამტკიცდა განკარგულება „განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“, რომელიც ეხება შპს ,,კომფორტ პალასის“ მოთხოვნას სვიშევსკის ქ. #173-ში მდებარე ავარიული სახლის ჩანაცვლებისა და მესაკუთრეების დაკმაყოფილების მიზნით ტბელ აბუსერიძის ქ. #24ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კ2 კოეფიციენტის დადგენილი 2,5-დან 12,4-მდე გაზრდის თაობაზე.
საკრებულომ მიიღო დადგენილება „ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. #36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.6470) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. პროექტის მიხედვით, გეგმარებითი ერთეული მოიცავს ოთხ მიწის ნაკვეთს, რომელზეც იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
დამტკიცდა განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ დროებით ხელშემწყობ ღონისძიებებს და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდას შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონულმა ცენტრისთვის’’, რომელმაც მოითხოვა ბარათაშვილი/გორგასლის ქ. #45/30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის არქიტექტურულ პროექტში ცვლილებებისათვის განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდა 4,9-მდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების სანაცვლოდ, რაც გულისხმობს ზუბალაშვილის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაში მდებარე სკვერის რეაბილიტაციას.
დროებით ხელშემწყობი ღონისძიებები და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე განკარგულება დამტკიცდა შპს ,,ჯეო აპარტმენტ პლიუსისთვის“, რომელმაც მერიას მომართა წინადადებით, გიორგი კვინიტაძის ქ.#39-ში მდებარე ავარიული სახლის ჩანაცვლებისა და მესაკუთრეების დაკმაყოფილების მიზნით და სანაცვლოდ მოითხოვა ხახულის I შესახვევის #6-სა და #8-ში მდებარე მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კ2 კოეფიციენტის 12,0-მდე გაზრდა.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება გიორგი ანწუხელიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების წრიულიდან მდ. ჭოროხამდე არსებული საავტომობილო გზისთვის ქუჩის სტატუსისა და ქართველი სამხედრო მოღვაწის, დავით ართმელაძის სახელის მინიჭების თაობაზე.