სექ 18, 2023

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბაგრატიონის, ქათამაძისა და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ბაღები დღეიდან გაიხსნა. ახლადგახსნილი ბაღები ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

არჩილ ჩიქოვანმა აღსაზრდელებსა და ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ბაღების მშენებლობისას ყველა საერთაშორისო სტანდარტი იყო გათვალისწინებული, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის არის დადგენილი.

მისივე თქმით, წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.

2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 150-ამდე ადამიანი დასაქმდა. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ბაღებს აქვს კეთილმოწყობილი ეზოები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები. სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

გალერეა

გაზიარება

მსგავსი პოსტი

არ არის მსგავსი პოსტი
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.