მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა
დღეს, სასტუმრო „ჰილტონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა SaaSargeblo.ge-ს რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის ვიცემერი ლევან დავითაძე დაესწრო.
„ბოლო წლების განმავლობაში უკვე ტრადიციად იქცა, რომ ბათუმი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებისა თუ შეხვედრის მასპინძელი ქალაქია.
მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრას სტარტაპების დამფუძნებლები ესწრებიან, რომლებიც, ბიზნესის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით, სერვისებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს წარადგენენ. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ ჭრილშიც, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მეტი ინფორმაცია სერვისების გაციფრულების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ, სწრაფად განვითარებად ციფრულ ლანდშაფტში ციფრული უნარები არა მხოლოდ აძლიერებს თანამშრომლების ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, არამედ ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის საერთო კონკურენტუნარიანობას. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ გაამარტივონ თავიანთი სერვისები, გაზარდონ ეფექტურობა და პროდუქტიულობა.
წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და აქვე მინდა მოგიწვიოთ ბათუმობის დღესასწაულზე, რომელიც ხვალ და ზეგ გაიმართება“ - აღნიშნა ლევან დავითაძემ.