ბათუმობა - არჩილ ჩიქოვანის მილოცვა
არჩილ ჩიქოვანი - ბათუმობის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს, ბათუმზე შეყვარებულ და გულშემატკივარ ადამიანებს, მათ, ვისთვისაც ეს ქალაქი ყველაზე ძვირფასია, ვისაც უდიდესი წვლილი შეაქვს ბათუმის განვითარებასა და გაძლიერებაში, ვინც ერთგულად და სიყვარულით ემსახურება ამ ქალაქს.
ბათუმობა - ეს, ერთგვარად, არის გაზაფხულის დღესასწაული, კარგი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ქალაქში წლებია, დამკვიდრდა. სპეციალურად ამ დღისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი სტუმარი ჩამოდის. ამ დღეს ყველაზე კარგად ჩანს ამ ქალაქის ხასიათი და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა.
136 წლის წინ, 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ბათუმი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი განსაკუთრებულობითა და მრავალფეროვნებით და არის ნიმუში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის ადამიანების გვერდიგვერდ, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრებისა.
ბათუმი წლიდან წლამდე ვითარდება, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები და, რაც მთავარია, ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აღიარება მოიპოვა, როგორც ტურიზმის, ასევე კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.
ეს არის ქალაქი სადაც თითოეული ბათუმელი სიამაყით ამბობს - მე ბათუმელი ვარ.
გილოცავთ ბათუმობას.