საკრებულოს სხდომა
![](/storage/lhjkapYNujqh8OIBHCFICngZEzWd9aIkm4cqvGHE.jpg)
დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დამტკიცდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა და 457 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზარდა 128 ათას 600 ლარით.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზარდა 6 მილიონ 872 ათას 200 ლარით.
გაზრდილი ბიუჯეტიდან 6 მილიონ 439 ათას 800 ლარი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადანაწილდა.
დაფინანსება ასევე გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. კერძოდ, დაემატა პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორია, რის შესაბამისადაც, გლუკომეტრის ჩხირების შეძენის მიზნით დახმარების მიღებას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 100 000-ამდე სოციალური ქულის მქონე პირებიც შეძლებენ.
ბენეფიციართა მომართვის გათვალისწინებით ასევე გაიზარდა საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ასევე განხორციელდება ქვიშის საერთაშორისო ჩემპიონატის ჩასატარებლად თანამონაწილეობა 100 ათასი ლარის ოდენობით.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას 1 ობიექტი დაემატა. ასევე დარედაქტირდა უძრავი ქონების პრივატიზების გეგმის გარკვეული პუნქტები.
განისაზღვრა ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი - 17 830 496 ლარის ოდენობით და დადგინდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ელექტრონული აუქციონის პირობები და ჩატარების პროცედურა.
განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა ანგისის ქ. #4-ში, ანგისის I ჩიხი #2, #4, #4ა, #4ბ-ში, ანგისის ქ. #2, კობალაძის ქ. #18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ,,ემ ბილდინგ ბათუმის’’ მიერ დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობიღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის #15 დადგენილებაში.
განაშენიანების დეტალური გეგმა ასევე დამტკიცდა შპს ,,ბივისის’’ მიერ წარმოდგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობისთვის ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს.კ: 05.27.39.018; 05.27.39.044; 05.27.39.008; 05.27.39.025; 05.27.39.026) ავარიული შენობების ჩანაცვლების მიზნით. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები დამტკიცდა შპს ,,ჯბს’’-სა და შპს ,,გთემ კონსტრაქშენისთვის’’ ბათუმში, გრიბოედოვის ქ. #62, #64-სა და #64ა-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ღირსების ორდენის მფლობელის, მხატვრისა და პედაგოგის, სიმონ ართმელაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად 26 მაისის ქ. #10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება. ჭავჭავაძის ქ. #39/47- ვაჟა-ფშაველას ქ. #52-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე კი, მემორიალური დაფა განთავსდება მწერლისა და პუბლიცისტის, სხვადასხვა პრემიისა და ღირსების ორდენის მფლობელის, ჯემალ ჯაყელის ხსოვნის უკვდავსაყოფად.