გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით უკვე სრულად აღდგენილია.
სამუშაოების ფარგლებში, არსებული ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარის სამი ფენა მოეწყო, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებსა და ბორდიურებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ ტროტუარების განახლებას, დახაზვით და გამწვანებით სამუშაოებს.
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებით, სრულად განხორციელდება რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული სატრანსპორტო კვანძის განახლებით გაუმჯობესდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადაადგილების უსაფრთხოება.
„რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.
წლების განმავლობაში ქვაფენილის დაზიანებული და ამორტიზებული საფარი მუდმივ პრობლემას ქმნიდა როგორც მძღოლებისთვის, ისე მუნიციპალური ინფრასტრუქტურისთვის. ასფალტის საფარით ჩანაცვლებით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სანიაღვრე სისტემის ეფექტიანობა, მოძრაობის უსაფრთხოება, კომფორტი და გზის გამტარუნარიანობა, ამავდროულად შევამცირეთ ხშირი სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.