logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.01.2025

ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები მიმდინარეობს


Image

ბათუმის ვიცემერმა ნუკრი დეკანაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის - აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების განხორციელებას. კერძოდ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული წინასწარ შერჩეული კარიერიდან 110 000 კბმ პლაჟწარმომქმნელი ქვიშა-ხრეშოვანი მასალის ტრანსპორტირებასა და შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობას.

ნაპირსამაგრი სამუშაოების მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის შენარჩუნება. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია.

პარალელურად, ბათუმის მერიის მიერ დაწყებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული საფეხმავლო ბილიკის აღდგენასა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე კოლექტორების შტორმისგან დამცავი სარეგულაციო კედლების მშენებლობას.

ამ ეტაპისთვის უკვე მოწყობილია რკინა-ბეტონის სარეგულაციო კედლები. კონკრეტულ მონაკვეთზე დასრულებულია გრუნტის მოხსნა, ბორდიურის მოწყობა და იწყება მოსამზადებელი სამუშაოები ბეჭდური ბეტონის დასაგებად. განხორციელდება არსებული სკამებისა და შეზლონგების დემონტაჟი-მონტაჟი, ასევე ბეტონის ახალი სკამების მონტაჟი. დაზიანებული სანაგვე ურნების ნაცვლად განთავსდება ახალი ურნები და სრულად განახლდება დაზიანებული საფეხმავლო ბილიკი 700 მ. მონაკვეთზე.

სამუშაოებისთვის 2 365 633,19 ლარი არის გათვალისწინებული, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტამდე უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა, ბათუმის მერიის მიერ უკვე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ტალღამრიდები, რკინა-ბეტონის სარტყელი, ნაპირზე ჩასასვლელი კიბეები და პანდუსები. სრულად აღდგენილია პრომენადის დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

ახალი ბულვარის მიმდებარედ ნაპირსამაგრი და სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოებზე 15 658 966.10 ლარი დაიხარჯა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი პირები და ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე.