2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ბათუმში პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. ეს არის უმძიმესი დღეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ღრმა ტკივილად და ტრაგედიად დარჩა. თუმცა, ამ ტკივილთან ერთად, აგვისტოს ომი გვახსენებს ჩვენი გმირი სამხედროების უდიდეს თავდადებას, სიმამაცესა და სამშობლოსადმი ერთგულებას.
მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ღირსება და მშვიდობიანი მომავალი.
ქედს ვიხრი თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემითა და თანადგომით ვდგავართ მათი ოჯახების გვერდით - ადამიანების, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს სამშობლოსთვის“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.