ბათუმი კონფერენციას - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ მასპინძლობს
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, პირველად საქართველოში, კერძოდ ბათუმში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
კონფერენცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი მურვანიძემ გახსნა, რომელმაც სასამართლო ექსპერტიზის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური მეთოდების, უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის მერმა, ბიუროსა და რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ტექნიკისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მოწყობილობების გამოფენა დაათვალიერა.
კონფერენციას, საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აჭარის მთავრობისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობს 170-მდე დელეგატი, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი - ექსპერტიზის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები