ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. საგამოფენო სივრცე ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ დაათვალიერა.
ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა და გამოფენის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა რეგიონში ტურიზმის გაძლიერების მიმართულებით.
გამოფენის ფარგლებში, ბათუმის მერი, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარაში ვიზიტით მყოფ ართვინის გუბერნატორს თურან ერგუნს და არტაანის გუბერნატორს მეჰმეთ ფათიჰ ჩიჩექლის შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე ესწრებოდნენ.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაზე - „EBIT 2026“ წელს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანია ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, სექტორში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა თუ ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.