ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის საკრებულოში ახალგაზრდული ინიციატივის წარდგენას დაესწრო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის საკრებულოში ახალგაზრდული ინიციატივის წარდგენას დაესწრო.
ახალი მრავალპროფილური ინიციატივის პრეზენტაცია - „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ გახსნა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მათთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრა.
ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა და საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, როლის წარმოჩენა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების პროცესში.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, აჭარის რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“ მინიატურით „ბათუმი“ წარდგა.
დასის ჩართულობამ სიმბოლურად გამოხატა ერთობა, თანასწორობა, სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობა და მუნიციპალური მხარდაჭერის როლი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანების პროცესში. პატარა მსახიობებს სიმბოლური საჩუქრები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ივანე მაისურაძემ გადასცეს.