ბათუმის მერიაში პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს
ბათუმის მერის მოადგილემ ნუკრი დეკანაძემ და ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ხაზარაძემ ბათუმის მერიაში პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს.
მხარეებმა ბათუმსა და პოლონეთის ქალაქებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ბათუმის განვითარების დინამიკას, ქალაქის ეკონომიკურ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. ასევე, ბათუმის მერიის საქმიანობის სპეციფიკას, თვითმმართველობის სტრუქტურას და მუნიციპალური სერვისების მართვის მოდელს.
ქვემო სილეზიის სეიმიკისა და მარშალის ოფისის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები აჭარაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან, გამართავენ სამუშაო შეხვედრებს და დაათვალიერებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.