ბათუმის მერმა სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს უმასპინძლა, რომელიც ბათუმში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
ნარინე მათოსიანი გენერალური კონსულის მოვალეობას ბათუმში 2023 წლის აპრილიდან ასრულებს. მისი საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რეგიონულ თანამშრომლობას, კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, ასევე ბათუმსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს თანამშრომლობა და ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ბათუმთან არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
გიორგი ცინცაძემ ნარინე მათოსიანს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავის მხრივ, ნარინე მათოსიანმა მადლობა გადაუხადა გიორგი ცინცაძეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში კონსულის რანგში საქმიანობა მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობები და მეგობრული კავშირები მომავალშიც ხელს შეუწყობს ბათუმსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.