logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
03.07.2026 სიახლე

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს


Image

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განაგრძობს ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.

ამ ეტაპზე, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების მიზნით, მიმდინარეობს ბარაკული ტიპის საცხოვრებელი ფართების დემონტაჟი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 667,6 კვ.მ მიწის ფართობზე, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 300 ბავშვს მოემსახურება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და იმ ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წლებია ახალ საბავშვო ბაღს ელოდებიან.

სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული ბარაკული ტიპის დასახლებიდან 34 ოჯახი ბათუმის მერიამ ქირით უზრუნველყო. 

რაც შეეხება დარჩენილ ორ ოჯახს, სახელმწიფომ გადასცა მათ საცხოვრებელი ბინები, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ათავისუფლებდნენ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას.

აღნიშნულ ორ ოჯახთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, რათა საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტილიყო. შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებსა და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხის შეთანხმების გზით დარეგულირების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი საზოგადოებრივი პროექტების დროულად განხორციელება, რომლებიც ასეულობით ბავშვისა და მათი ოჯახების ინტერესებს ემსახურება.