ბათუმის საკრებულოს სხდომა

დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის გამოყოფის შესახებ. გადაწყვეტილების შესაბამისად, მოძრაობის მიმართულება დაწესდა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან თბილისის მოედნამდე.
მორიგი გადაწყვეტილება გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა) ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას ანგისის ქუჩის I შესახვევში, ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში.
აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.
ასევე დამტკიცდა განკარგულებები სევერიანე აჭარელის ქ. #1-სა და ნიკოლოზ გოგოლის ქ. #11-ში ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე. საკითხზე მსჯელობა სს „ბათუმის ავტოსადგურისა“ და შპს „ჯორჯიან რეალ ესთეით ენდ მენეჯმენთის“ მომართვების საფუძველზე დაიწყო, რომლებმაც მოითხოვეს მუნიციპალიტეტის თანხმობა საკუთარ ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.
მიღებული იქნა განკარგულება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ. #1-სა და #3-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისთვის გადაცემის, საკუთრების უფლებების რეგისტრაციების განხორციელებისა და არსებული, გაზრდილი ფართობის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე.
ცვლილება შეიტანეს განკარგულებაში, რომელიც განსაზღვრავს იოსებ გრიშაშვილის ქ. #9-სა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #94-96-ის მიმდებარედ არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამას. აღნიშნული პროგრამული ღონისძიების შესაბამისად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დანართი გადასაცემი ბინების თაობაზე.
სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ახალგაზრდობის ქ. #18-სა და მიხეილ ლერმონტოვის ქ. #123-ში მდებარე კონკრეტული ბინების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში, იქ მცხოვრები ფიზიკური პირებისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ასევე დადებითად გადაწყდა საკითხი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ჰაიდარ აბაშიძის ქ. #71-ში მდებარე კონკრეტული ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
ცვლილება იქნა შეტანილი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე მცირე ზომის გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის განკარგულებაში. ცვლილების შედეგად ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟს ბაზირების კიდევ ერთი პუნქტი დაემატება.
დღესვე დამტკიცდა საკითხი ექვსშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის (130 კვმ) საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
დამტკიცდა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, შპს ,,ალიანს სიტის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაში ტექნიკური ხასიათის ცვლილებას.
ასევე დამტკიცდა ცვლილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში. კერძოდ, დაზუსტდა (დაემატა) იმ ქონებების ჩამონათვალი რომელთა საკუთრებაში ქონა არ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად და მსგავს ოჯახებს და პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ უსახლკაროდ რეგისტრაცია; დამაბრკოლებელ გარემოებად არ ჩაითვლება კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტატუსის მაძიებლის მიერ არაუმეტეს 10 კვმ კომერციული/საცხოვრებლად ვარგისი სხვა ფართის ქირის (იჯარის) უწყვეტად გადახდის ფაქტი; დაზუსტდა ავტომანქანის ის მონაცემები, რომელთა საკუთრებაში ქონა არ წარმოადგენს უსახლკარო სტატუსის მინიჭებისათვის გამომრიცხავ გარემოებას და სხვა ცვლილებები. განხორციელებული ცვლილების შედეგად გამარტივდა არსებული კრიტერიუმები, რაც პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირისა თუ ოჯახის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.