ბათუმის საკრებულოს სხდომა
დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი ტარიფი, რომელიც 70 თეთრით განისაზღვრა. ახალი ტარიფი ეხება როგორც მიკროავტობუსებს, ასევე ავტობუსებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შემოსავლის ზრდის საჭიროებით, რადგან მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდირება გამოიყენება მხოლოდ საოპერაციო დეფიციტის დასაფარად (რაც მთლიან დაგეგმილ შემოსავლებში არაფინანსური აქტივებით განსახორციელებელი ოპერაციების ჩაუთვლელად შეადგენს 52,8%-ს), ხოლო კომპანიის საკუთარი შემოსავლები არასაკმარისია მზარდი საექსპლუატაციო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.
მგზავრობის ახალი ტარიფით მოსალოდნელი შემოსავლის ზრდა შეამცირებს მუნიციპალური დაფინანსების თანხას შემდგომი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვისას.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში შენარჩუნებული იქნება მგზავრთა უფასო გადაყვანა შემდეგ კატეგორიებზე:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და მოსწავლეები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები; პროფესიული კოლეჯის „Black sea“ თანამშრომლები, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები;
- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- ქალაქ ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ახალი მუნიციპალური მარშრუტი #35, რომელიც თევდორე მღვდლის, ხახულის, ლეონიძის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის ქუჩების გავლით მოძრაობს. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ მარშრუტზე მიკროავტობუსი მანამდეც მოძრაობდა საცდელი მარშრუტის სახით.
ახალი მარშრუტის დამტკიცების მიზნით განხორციელდა ცვლილება შესაბამის დადგენილებაში, რომლიდანაც ასევე ამოღებული იქნა უკვე გაუქმებული მარშრუტები: #24, #30, #32 და #36.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილი სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით.
ასევე დამტკიცდა საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - ვლადიმერ მაიაკოვსკის ქ. #14ბ-ში მდებარე ბინის გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ ბინაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
ცვლილება შეიტანეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომლის მიხედვითაც საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას ორი ობიექტი დაემატა.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილება. ახალი ინსტრუქცია განსაზღვრავს ბათუმის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს. ცვლილებები განპირობებულია მრავალწლიანი პრაქტიკიდან და ამ ეტაპისთვის არსებული გარემოებებიდან გამომდინარე და საშუალებას იძლევა მოსაკრებლის ადმინისტრირების ღონისძიებების პროცესში მონაწილე პირებისთვის პროცედურები უფრო პრაქტიკული და მარტივი გახდეს.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის განკარგულებაში. ცვლილების შესაბამისად, შპს „ბითუბი პრემიუმ დეველოპმენტს“ საპროექტო ტერიტორიად, მამია კომახიძის ქ. #25, #27, #29-სა და ამავე ქუჩაზე, #31-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან ერთად, დამატებით განესაზღვრა 26 მაისის ქ. #104-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ცვლილება არ ეხება სიმაღლის, სართულიანობისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) მაჩვენებლებს. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების პროექტირების ეტაპზე გაერთიანდება საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო ერთეულები.
აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ გზაგამყოფ ზოლზე სკვერის მოწყობა.
შესაბამისი კოდექსით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ განკარგულება იქნა ასევე მიღებული შპს „გალერი რესიდენსის“ მოთხოვნის საფუძველზე. კერძოდ, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება გათვალისწინებულია ზურაბ გორგილაძის ქ. #24–ში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟსა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საპროექტო ტერიტორიას ემატება ზურაბ გორგილაძის ქ. #22-ში მდებარე 1016.00 კვმ ტერიტორია. გათვალისწინებულია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდა 6.7 -მდე.
აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის ფარგლებში, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10% სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
დღესვე დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციები წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის #124, #124ა, #126-სა და ამავე გზატკეცილის IX ჩიხის #4-ში, ასევე პუშკინის ქ. #145-სა და #145ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულებზე. პირველ შემთხვევაში, საპროექტო მიწის ნაკვეთებზე შპს ,,ლიცი“ გეგმავს სასტუმროს მშენებლობას. ხოლო მეორე შემთხვევაში, წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე შპს ,,ქსოვილი’’ გეგმავს მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
ასევე დამტკიცდა განკარგულება მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. შპს „ბ.მ. ჯგუფის“ საპროექტო ტერიტორიაზე, ილია ჭავჭავაძის ქ. #87/33-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, იგეგმება ფუნქციური ზონისა და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (არსებული მშენებლობის გაგრძელება). ღონისძიება ითვალისწინებს განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტისა და საპროექტო შენობის სართულიანობის განსაზღვრას.
დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სარგებლობის სანაცვლოდ, ინასარიძის ქ. #8-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სკვერი. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
ცვლილება შეიტანეს ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებაში, რაც ითვალისწინებს შპს „ORIX“-ის საპროექტო ტერიტორიაზე, რუსთაველის ქ. #20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობისათვის დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში, რაც უკავშირდება მერიის სტრუქტურული ერთეულის დასახელების, აგრეთვე, სამსახურის გაუქმებასა და ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით დებულების იმ ნაწილში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის ახალი დასახელება.
დამტკიცდა დადგენილებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ასევე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურისა და მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე.
აღნიშნული ღონისძიებები უკავშირდება რეორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებულ ნაწილობრივ ახალ სტრუქტურას და მისგან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტების დამტკიცებას.
ცვლილება იქნა შეტანილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის დადგენილებაში, რაც გულისხმობს ტექნიკური ხასიათის რედაქტირებას.