logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.07.2026 სიახლე

ბათუმმა ახალგაზრდული კლიმატური ინიციატივების მხარდასაჭერად Bloomberg Philanthropies-ისგან 50,000 აშშ დოლარის გრანტი მოიპოვა


Image

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა Bloomberg Philanthropies-ის „ახალგაზრდული კლიმატური სამოქმედო ფონდის“ (Youth Climate Action Fund) პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და 50,000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

საგრანტო დაფინანსება ბათუმში მცხოვრები 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების მიერ ინიცირებული კლიმატური პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება. პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია გამოაცხადებს ახალგაზრდული კლიმატური ინიციატივების ღია კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი კლიმატური გამოწვევების საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული პროექტები მცირე გრანტებით დაფინანსდება, ხოლო ბათუმის მერია უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს. თითოეული მიკროგრანტის ოდენობა განისაზღვრება 1,000-დან 5,000 აშშ დოლარამდე. პროექტები უნდა იყოს ინიცირებული და განხორციელებული 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების მიერ და შეესაბამებოდეს ქალაქის კლიმატურ პრიორიტეტებსა და ადგილობრივ საჭიროებებს. 

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ ინიციატივები გარემოს დაცვის, მწვანე და მდგრადი ურბანული გარემოს განვითარების, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერებისა და სხვა შესაბამისი მიმართულებებით. კონკურსის პირობები, განაცხადების წარდგენის წესი, შეფასების კრიტერიუმები და ვადები დამატებით გამოქვეყნდება.
პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების, პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისა და გრანტის გამცემის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალიტეტი შესაძლოა შერჩეულ იქნეს პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად და ახალგაზრდული კლიმატური ინიციატივების შემდგომი მხარდაჭერისთვის დამატებით 50,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღოს. 

Bloomberg Philanthropies საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს პროგრამებს გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და ადგილობრივი მმართველობის განვითარების მიმართულებებით. „ახალგაზრდული კლიმატური სამოქმედო ფონდი“ მუნიციპალიტეტებს ფინანსურ, მეთოდოლოგიურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს, რათა ახალგაზრდების იდეები ადგილობრივ კლიმატურ გადაწყვეტილებებად და პრაქტიკულ ინიციატივებად გარდაიქმნას.

პროგრამა Bloomberg Philanthropies-ის მხარდაჭერით და Bloomberg Center for Public Innovation at Johns Hopkins University-ის, C40 Cities Climate Leadership Group-ისა და United Cities and Local Governments-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამის ფისკალური სპონსორია Rockefeller Philanthropy Advisors. 

2026 წელს პროგრამა მსოფლიოს ექვს კონტინენტზე მდებარე 300 ქალაქს აერთიანებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის გაძლიერებას ადგილობრივი კლიმატური გამოწვევების გადაჭრის, ინოვაციური პროექტების განხორციელებისა და ქალაქების მდგრადი განვითარების პროცესში.