ბათუმმა მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადებს“ უმასპინძლა
ბათუმმა ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადებს“ უმასპინძლა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლისთავს ეძღვნება.
„ღამის სერენადების“ წლევანდელი პროგრამა ბორჯომში დაიწყო, ხოლო მუსიკალური დღესასწაული სექტემბერში თბილისში გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში სულ შვიდი კონცერტია დაგეგმილი, რომელთა პროგრამა კლასიკური მუსიკის შედევრებს, ორიგინალურ საკონცერტო პროექტებსა და გამორჩეული ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შესრულებებს აერთიანებს.
ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბიჭვინთაში დაფუძნდა 1982 წელს პირველად, ქალბატონ ლიანა ისაკაძის მიერ. ფესტივალმა 1991 წლამდე იარსება შემდეგ კი, ბათუმში გადმოინაცვლა და 2008 წლიდან დღემდე ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომლის თანადგომაც ფესტივალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ფესტივალის უწყვეტობისა და მისი მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნებისთვის.
ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ბათუმის, არამედ სრულიად საქართველოს კულტურული ცხოვრებისათვის. იგი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აკადემიური მუსიკალური ხელოვნების განვითარებას და ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„ღამის სერენადების“ მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში.