ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ღია კარის დღეზე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებმა სასწავლო გარემოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს, აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს და ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.
აბიტურიენტების უკეთ ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.