ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი შონიასთან ერთად, ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლებში დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, №3 და №12 საბავშვო ბაღებში განახლებულ ინფრასტრუქტურას, ასევე №18 საბავშვო ბაღში მიმდინარე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ჯამში 2 400 მოსწავლე ისწავლის. სკოლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და გარე ინფრასტრუქტურა, შენობები კი სრულად ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. №5 სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მოედანი, №4 სკოლაში კი განახლდა სპორტული მოედანი, ეზო და გაუმჯობესდა შენობის ენერგოეფექტურობა.
სრულად რეაბილიტირდა №3 და №12 საბავშვო ბაღები. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, საინჟინრო, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულოები. ასევე, გრძელდება №18 ბაღის გამაგრების და შიდა და გარე სივრცეების სრული განახლების სამუშაოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა აჭარაში ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განსახორციელებლად ტენდერები გამოაცხადა. მათ შორისაა გონიოს დასახლებაში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ჯამში, უახლოეს პერიოდში ბათუმს ცხრა ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება. სამი მათგანი სააღმზრდელო პროცესში უკვე ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს ჩართვას, ოთხი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო კიდევ ორი ბაღის პროექტი 2027 წლის იანვარში დასრულდება.