logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
03.10.2026 სიახლე

ბათუმში სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


Image

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც ქართული სცენისა და მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლეგენდარული მსახიობის ვაჟის, ნიკუშა შენგელაიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აქამდე უცნობი და უნიკალური ისტორიები გააცნო.

მაყურებლის წინაშე, ასევე, ქართველი მომღერლები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ. საღამოს მუსიკალურ გაფორმებას ბენდი და ორკესტრი მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდნენ.

სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ათობით გამორჩეულ როლს მოიცავს, მათ შორის, მსოფლიო დრამატურგიის არაერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს. მსახიობის ხელოვნება განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი გამოირჩეოდა, ხოლო მისმა ნიჭმა და მოღვაწეობამ ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.