ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა
ბათუმის ბულვარში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა, სადაც სტუმრებს კულინარიული და გასტრონომიული ნაწარმი, თემატური მასტერკლასები და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს.
ფესტივალის სივრცე ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა.
ფესტივალის მიზანია რეგიონში მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოპულარიზაცია, ასევე, ამ დარგების განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში ჩართული ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა ორგანიზაციები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი და ბათუმის ბულვარი, ხოლო ორგანიზატორია „ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია ფორეჯი“.