ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
დღის განმავლობაში პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ და შემოქმედებით აქტივობაში, შეხვედროდნენ ზღაპრისა და მულტფილმის გმირებს, დასწრებოდნენ ბათუმის შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით გამართულ საზეიმო კონცერტს და მათთვის შექმნილ სადღესასწაულო გარემოში გაეტარებინათ დღე.
„თითოეულ პატარას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ბავშვობას.
დღევანდელი დღის აღსანიშნავად, ბათუმის ცენტრალურ პარკში საზეიმო ღონისძიებები გავმართეთ. სასიხარულოა, რომ ბავშვებს კიდევ ერთი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მოგონება შევუქმენით.
ჩვენი პატარების ბედნიერი ბავშვობა, უსაფრთხო გარემო და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მუდმივი ზრუნვის საგანია“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.