ფორუმი „სპორტული წარმატების სტრატეგია“
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „სპორტული წარმატების სტრატეგია“.
ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას სპორტის სფეროში მომუშავე პირთათვის.
ფორუმის ფარგლებში განხორციელდა 3 პლენარული სესია, რომელშიც სამასამდე დელეგატი იყო ჩართული. სესიაში მონაწილეობდნენ მოწვეული მომხსენებლები, რომელთაც წარადგინეს პრეზენტაციები სპორტის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და გენო პეტრიაშვილმა, ასევე უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ზაზა ჯიბლაძემ, მათ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა: „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ოლიმპიელებს, პარალიმპიელებს მიღწეული შედეგისათვის და ულევი სიხარულისთვის. ასევე მადლობას ვუხდი სპორტის თითოეულ მოღვაწეს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს, რომლებმაც აქტიურ სპორტულ კარიერაში ძალიან ბევრი ჯილდო და წარმატება მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს და ახლა აქტიურად არიან ჩართულები მომავალი თაობების, ჩვენი შვილების, ახალგაზრდების აღზრდაში.
სპორტის განვითარების ნაწილში ბათუმი ერთ-ერთი წარმატებული ქალაქია, როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე ბოლოდროინდელი მიღწევებით, რაზეც მედლების რაოდენობა და სპორტსმენების ინდივიდუალური წარმატებები მეტყველებს. გლობალურ ჭრილში ჩვენი ქალაქი ამ მიღწევების გამო ევროპის სპორტის ქალაქის ჯილდოს მფლობელია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო სტატუსი. მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, სპორტის თითოეულ წარმომადგენელს და გულშემატკივარს“.