logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
08.07.2026 სიახლე

განცხადება გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით


Image

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას გონიოში მდებარე №29 საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან დაკავშირებით.

2023 წელს №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამასთან, მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის დადგენილ სტანდარტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გონიოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მიმდინარეობს შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები.

აქვე განვმარტავთ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის I ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე, ხოლო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთებისა და ლოკაციების მოძიება.

წლის ბოლომდე ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, ექსპლუატაციაში შევა 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ჯამში 1320-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას და გაზრდის ხელმისაწვდომობას.