„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებები მდგრადი მწვანე ქალაქებისთვის შავი ზღვის აუზში“
2026 წლის 16 ოქტომბერს, სტამბოლის უნივერსიტეტ-ჯერაჰფაშას სატყეო ფაკულტეტზე (ბაჰჩექოის კამპუსი), ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით — „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებები მდგრადი მწვანე ქალაქებისთვის შავი ზღვის აუზში“.
ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის — „მწვანე ურბანული მდგრადობა – მწვანე კლიმატური ადაპტაციის გადაწყვეტილებები ჭკვიანი და მდგრადი ქალაქებისთვის შავი ზღვის აუზში (BSB00006)“ ფარგლებში.
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროგრამით „Interreg VI-B NEXT შავი ზღვის აუზი 2021– 2027“, რომლის ეროვნულ ორგანოსაც ევროკავშირის საქმეთა დირექტორატი წარმოადგენს. პროექტი 90%-ით ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1,290,188.88 ევროს შეადგენს, საიდანაც 90% (1,161,169.98 ევრო) ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
კონფერენცია ერთ სივრცეში გააერთიანებს პროექტის პარტნიორებს თურქეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და საბერძნეთიდან. მას ასევე დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დარგის ექსპერტები.
ღონისძიების მთავარი მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, ურბანული სითბური მედეგობის, მწვანე ინფრასტრუქტურისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმართულებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „მწვანე ურბანული მდგრადობის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, შემუშავებული სტრატეგიული მიდგომები და საპილოტე ინიციატივებიდან მიღებული გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეები ასევე განიხილავენ ურბანულ ტერიტორიებზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პრაქტიკას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიღწევებს, აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვა მიმდინარე პროექტებს, რომლებიც კლიმატის ადაპტაციასა და მედეგობაზეა ფოკუსირებული. შესაბამისად, კონფერენცია მიზნად ისახავს ერთიანი პლატფორმის შექმნას, რომელიც სამეცნიერო კვლევებს, ადგილობრივ პრაქტიკასა და სხვადასხვა ინიციატივიდან მიღებულ გამოცდილებას გააერთიანებს.
მოსალოდნელია, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და მიდგომების ფართოდ გავრცელებას, გაამყარებს თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის რეგიონში კლიმატმედეგი და მდგრადი ქალაქების განვითარებისთვის და წაახალისებს დისკუსიებს კლიმატის ადაპტაციის იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა დანერგვაც სხვადასხვა მასშტაბით არის შესაძლებელი.
„ეს ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის — „მწვანე ურბანული მედეგობა (BSB00006)“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Interreg VI-B NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის მეშვეობით (ევროკავშირის 90%-იანი ფინანსური მხარდაჭერით). წინამდებარე პუბლიკაციის/განცხადების შინაარსზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ პროექტის პარტნიორები და მასში გამოთქმული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს ევროკავშირის ან პროგრამის მმართველი ორგანოების ოფიციალურ პოზიციად.