logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
23.01.2026 სიახლე

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ბათუმში №26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. 150 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღში, მოეწყო საგანმანათლებლო, სათამაშო, დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანი. განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება და ბიუჯეტი 5.3 მილიონ ლარს შეადგენს.

სრულად განახლდება 150 აღსაზრდელზე გათვლილი №3 საბავშვო ბაღიც. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შეიქმნება აღსაზრდელების განვითარებაზე ორიენტირებული, კომფორტული გარემო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. კეთილმოეწყობა ეზო და უზრუნველყოფილი იქნება სრულად ადაპტირებული გარემო.

მიმდინარეობს №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. 810 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდება. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები - საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზო, რაც კომფორტულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.

ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე უბნებში შვიდი ქუჩის, შენობების და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სახელმწიფო დაფინანსებით, დასკვნით ეტაპზეა ირაკლი აბაშიძის, მემედ აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კომპლექსური განახლების სამუშაოები. დასრულებულია გზის საფარის განახლება; აღდგენილია საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვადასხვა შენობების ფასადები; გამოიცვალა კარ-ფანჯრები იზოალუმინის სისტემით, რაც შენობების ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტი განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 11.3 კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრამდე გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს მდინარე ჭოროხზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25–30 წუთით შემცირდება. ბათუმი-სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.