ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა იწყება
ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე, ხიდის მშენებლობა იწყება. ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ავარიული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა, საფეხმავლო ბილიკებისა და გარეგანათების ქსელის მოწყობა.
სამუშაოების დაწყებამდე, განხორციელდება ხიდის არეალში არსებული სხვადასხვა კომუნიკაციების, მათ შორის, გაზსადენი მილების ადგილმონაცვლეობა. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზთან“ შეთანხმებით, მილების გადატანა ზამთრის სეზონის პერიოდში არ განხორციელდა, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა გადაიწია. ამ ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ხიდის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის ივნისი.