logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.05.2026 სიახლე

პროექტ „მწვანე ურბანული მდგრადობის“ ფარგლებში სოზოპოლში ტრანსსასაზღვრო ღონისძიება გაიმართა


Image

პროექტის „მწვანე ურბანული მდგრადობა - კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გადაწყვეტილებები ჭკვიანი და მდგრადი ქალაქებისთვის შავი ზღვის აუზში (Green Urban Resilience BSB00006)“ ფარგლებში, 2026 წლის 06-08 მაისს, ბულგარეთის ქალაქ სოზოპოლში ერთობლივი ტრანსსასაზღვრო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას სოზოპოლის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა LANDLAB-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური გზამკვლევი — „ურბანულ სივრცეებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია მწვანე ინფრასტრუქტურის მეშვეობით“, ასევე კლიმატური მდგრადობის შესახებ სტრატეგიული ურბანული ანგარიშები.

ღონისძიებაში ბათუმიდან მონაწილეობდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება Interreg VI-B NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის 2021-2027 წლების ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 90%-იანი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,290,188.88 ევროს, ხოლო განხორციელების ვადა 26 თვეა.

„Green Urban Resilience“ წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ინიციატივას, რომლის მიზანია ურბანულ სივრცეებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა, ურბანული თბური კუნძულის ეფექტის შემცირება და მწვანე, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების განვითარება.

პროექტი აერთიანებს პარტნიორებს თურქეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და საბერძნეთიდან. სამიზნე ქალაქებია უზუნკოპრუ, სოზოპოლი, ბათუმი და კავალა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თბური კომფორტისა და ურბანული თბური სტრესის შეფასების შედეგები, ციფრული თბური სტრესის რუკები და მწვანე ინფრასტრუქტურის მეშვეობით სითბური მდგრადობის სტრატეგიების შემუშავების პრაქტიკული მიდგომები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ურბანისტები, გარემოსდაცვითი სპეციალისტები, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლები, LANDLAB-ის მკვლევარები და ადგილობრივი კვლევითი ჯგუფების მონაწილეები.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო პროექტის პარტნიორ ქალაქებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და მწვანე ინფრასტრუქტურის ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვას ურბანული დაგეგმვის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია: ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის No. BSB00006 „მწვანე ურბანული მდგრადობა“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg VI-B NEXT შავი ზღვის აუზის 2021-2027 პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის 90%-იანი ფინანსური მხარდაჭერით.

ამ ინფორმაციის შინაარსი პროექტის პარტნიორების სრული პასუხისმგებლობაა და არ ასახავს ევროკავშირის ან პროგრამის ორგანოების შეხედულებებს.