რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„დავიწყეთ რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება როგორც საგზაო, ასევე შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურა. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამორტიზებული საგზაო სამოსი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო გადაადგილებას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიცვალა სატრანსპორტო სქემა. ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგზაო მოძრაობის ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია ჩვენი საზოგადოება.
პროექტი გაყოფილია ორ ლოტად, ელექტრონული ტენდერით შერჩეულია ორი სხვადასხვა კომპანია, რომლებიც სამუშაოებს მომავალი წლის დასაწყისისთვის დაასრულებენ. სამუშაოების პირველი ეტაპი კი, ორივე ლოტზე - მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე განხორციელდება, რა დროსაც სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებული იქნება.
პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ამავდროულად, ბოდიშს ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ბათუმელებს, ბათუმის სტუმრებს გზის შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტისათვის და დარწმუნებული ვარ, კომპანიებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ ძალიან სწრაფად განვახორციელოთ პროექტი" - რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
ვიდეორგოლი