საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
აჭარის მასშტაბით 120 გამარჯვებული გამოვლინდა.
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.
გიორგი ცინცაძე საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს მიესალმა, მიულოცა მათ გამარჯვება და წარმატება უსურვა.
„თქვენი წარმატება არის შედეგი დიდი შრომისა და მონდომებისა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიდგებით და თქვენი მხარდამჭერები ვიქნებით. ასევე, მადლობას ვუხდი პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე.
გილოცავთ კიდევ ერთხელ, გისურვებთ უფრო დიდ მიღწევებსა და წარმატებას“, - აღნიშნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში ატარებს.