საკრებულოს სხდომა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციისათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მეორადი ZONDA BUS-ის მარკის ავტობუსის ფედერაციისთვის 2 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემას, შემდგომში ფედერაციასთან არსებული ავტოსკოლის მიერ მძღოლების მომზადებისა და გადამზადებისთვის გამოყენების მიზნით.
დამტკიცდა განკარგულება კვინიტაძის ქ. #3-ში, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების მიზნით აშენებულ შენობა-ნაგებობაში არსებული საცხოვრებელი ბინის კონკრეტული მოქალაქისთვის სანაცვლო ქონების სახით გადაცემის თაობაზე.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (26 მაისის ქ. #28 -ში მდებარე 44,7 კვმ ფართის ბინა) შემდგომში აღნიშნულ ფართში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლებით გადასაცემად.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილება ხორციელდება საკრებულოს სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონებთან - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შეტანილ მუხლობრივ და ტერმინოლოგიურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ასევე დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის #გ-15.15232975 განკარგულებაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე არიან უფლებამოსილნი.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #5 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსიდირება დამტკიცდა „FORD TRANSIT”-ის მარკის M2 კატეგორიის მიკროავტობუსებით მგზავრობისას, ქალაქის ფარგლებში, შვიდ ახალ სამარშრუტო ხაზზე (#20, 21, 22, 26, 26ა, 27, 33) იგივე მოწყვლადი კატეგორიისათვის, რომლებიც უფასოდ სარგებლობენ M3 კლასის საქალაქო სამგზავრო ავტობუსით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილები შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ რამდენიმე დადგენილებაში. ასევე დამტკიცდა ცვლილება ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.
დღესვე ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში.
ასევე დამტკიცდა ცვლილებები დადგენილებაში ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“.
გარდა ამისა, დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და განაშენიანების დეტალური გეგმები კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის (გაგარინის ქ. #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთები, მეზღვაურთა ქ. #12, 14, 14ა, 16 და ადლიის ქ. 53-57-ში მდებარე მიწის ნაკვეთები).