logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
31.07.2025

საკრებულოს სხდომა


Image

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

დამტკიცდა ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბიუჯეტი 10 მილიონ 523 ათასი ლარით გაიზარდა და 564 მილიონ 523 ათასი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მიმართულებით გადანაწილდა.

დამტკიცდა ცვლილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომლის მიხედვითაც საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმას დაემატა რამდენიმე ობიექტი. ასევე განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური.

ცვლილებები იქნა შეტანილი ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში, რაც გულისხმობს შენობა-ნაგებობის გამაგრებისას ან ობიექტის ავარიულობის დადგენის შემთხვევაში მოსახლეობის ქირაში გაყვანის ვადის გახანგრძლივებას.

ასევე დამტკიცდა განკარგულება ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ (ჯამში 21 ლოკაცია) გარე განათების ბოძებზე მობილური და მობილური ინტერნეტის კავშირის ანტენისა და აპარატურის განსათავსებლად შპს ,,მაგთიკომისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სამი წლის ვადით, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ნებართვის სარგებლობის წლიური საფასური 40 000,0 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.


დღესვე საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლითაც ბათუმის მერს მიენიჭა უფლებამოსილება საგრანტო შეთანხმების გაფორმებაზე ევროკავშირის პროგრამის - „Interreg NEXT Black Sea Basin“ ფარგლებში, პროექტისთვის - „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის შავი ზღვის აუზში“ (BSB00961 –Blue&Green Resilience).

ევროკავშირის „Interreg NEXT Black Sea Basin“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადი ბათუმის მერიამ ლულებურგასის მუნიციპალიტეტთან (თურქეთი), ვარნის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ანენის ნოის რაიონულ საბჭოსა და სხვა თანააპლიკანტებთან ერთად, 2024 წელს წარადგინა და მიმდინარე წლის ივნისში გამარჯვებულად გამოვლინდა პროექტში ,,თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“. 

პროექტის ფარგლებში, წყლის დაზოგვის უზრუნველსაყოფად და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტში, შერჩეულ ტერიტორიაზე ჩატარდება წყლის ეფექტიანობის ტექნიკური კვლევები და მომზადდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმები. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტი მოამზადებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ბათუმის ბულვარისა და ცენტრალური პარკის სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და დაგროვებული წყლის ბათუმის მწვანე ზონებში მეორადი გამოყენების მიზნით. 

ბათუმის კომპონენტზე ჯამში გათვალისწინებულია 243 ათას 154 ევრო. აღნიშნული თანხის 90% (218.839,32 ევრო) უნდა დაფინანსდეს საგრანტო ფონდით, ხოლო - 10%-ის (24,315.5 ევრო) თანადაფინანსება მოხდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.

დღესვე განიხილეს ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის გეგმების მონახაზები. მიღებული განკარგულების შესაბამისად, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელთანაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით მიწოდებასთან დაკავშირებით, ვალდებული იქნება განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის ეტაპზე გაითვალისწინოს განკარგულებაში ასახული რეკომენდაციები.

ასევე ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“განკარგულებაში.

გარდა ამისა, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის დამტკიცდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციები და განაშენიანების დეტალური გეგმები.

დღესვე, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ზუბალაშვილის ქ. N20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაუთ ასამბაძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.