logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.09.2025

საკრებულოს სხდომა


Image

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საკრებულომ მიიღო დადგენილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ, რაც ითვალისწინებს აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე, ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა) ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით.

დღესვე დამტკიცდა ცვლილება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რაც გულისხმობს აღნიშნულ ნუსხასა და გეგმაში რამდენიმე ობიექტის დამატებას.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #94-96-ში განხორციელებულ ქალაქმშენებლობით ღონისძიებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მოწესრიგების თაობაზე, რაც ასევე ითვალისწინებს აღნიშნულ მისამართზე მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობაში არსებული უძრავი ქონებების გადაცემას ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისთვის.

ცვლილება იქნა შეტანილი განაშენიანების დეტალურ გეგმაში აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის N16-სა და მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რაც ავტოსადგომების რაოდენობისა და შენობის სიმაღლის დაზუსტებას ითვალისწინებს.

ასევე ცვლილება შეიტანეს განაშენიანების დეტალურ გეგმაში შემდეგ გეგმარებით ერთეულებზე: თამარ მეფის გამზირი N15; N15 ა; N17; N19; N21; N23; N25; N25 ა; N27, დაბა მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი N15; ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, დაბა მახინჯაურის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე. ცვლილება ითვალისიწინებს გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მისამართის დაზუსტებას. დამტკიცდა კიდევ ერთი დადგენილება მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე (ს/კ N05.34.25.745; N22.21.01.050; 05.34.25.768; 05.34.25.619) ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დამტკიცდა ნონეშვილის ქ. N65-სა და ნონეშვილის ქ. N67-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე. 

ცვლილება შეიტანეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის #25 განკარგულებაში, რაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე (05.29.16.0160) არსებული ზონის სატრანსპორტო ზონით ჩანაცვლებას გულისხმობს.

დღესვე დამტკიცდა განკარგულება ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებული მონაკვეთისთვის სკვერის სტატუსის და მასზე შალვა ინასარიძის სახელის მინიჭების თაობაზე. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა განკარგულებაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთისთვის მიხეილ შარაშიძის ქუჩისა და მიხეილ შარაშიძის ჩიხების სახელის მინიჭების თაობაზე, რაც გულისხმობს მიხეილ შარაშიძის V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებას და გია ყანჩელის სახელის მინიჭებას.