საკრებულოს სხდომა
დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რაც ეხება ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით.
კერძოდ, მომართვიანობის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, ასევე, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამების დაფინანსება.
ცვლილებები შეეხო (ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის, ახალგაზრდების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობის, ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბის, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის დაფინანსებას.
ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის, ქალაქის გამწვანების ღონისძიებების დაფინანსებას.
დღესვე დამტკიცდა ცვლილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში. კერძოდ, დებულების მე-13 მუხლს - „მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება" დაემატა პუნქტი, რომელთაც დაკონკრეტდა, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ნორმები ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზეც.
ასევე დამტკიცდა ცვლილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას სამი ობიექტი დაემატა.
საკრებულომ განსაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული 59 722.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 54.96 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების ქირის საწყისი წლიური საფასური.
დამტკიცდა ბათუმში, 26 მაისის ქ. N13-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 256,0 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაეცემის მიზნით.
საკრებულომ მიიღო განკარგულება მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზღვისპირა ზოლში განთავსებული 10 სამაშველო კოშკურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
ცვლილება იქნა შეტანილი „ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში, რაც გულისხმობს არსებული პროექტის ახალი რედაქციის დამტკიცებას.
დამტკიცდა ცვლილება დადგენილებაში „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“. ახალი წესით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია არქიტექტურული თვალსაზრისით საჭიროდ მიიჩნევს, მშენებელს ეძლევა საშუალება მიიერთოს არამხოლოდ მომიჯნავე, არამედ სხვა, მომიჯნავის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, მაგრამ, მიერთებული ნაკვეთების ჯამი კვლავაც არ უნდა აჭარბებდეს ავარიული სახლის მიწის ნაკვეთის ფართობის 50%-ს. აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, მიმდებარედ არ მოხდეს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის დატოვება.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება ,,ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქ. I ჩიხის N16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 31 ივლისის დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილებით, მითითებულ მისამართზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განისაზღვრული იყო მაკომპენსირებელი ღონისძიებები, რომელიც ეკისრებოდა დაინტერესებულ პირს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში. რადგან განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება არ ხორციელდება, დადგენილება მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრას აღარ საჭიროებს.
საკრებულომ მიიღო განკარგულება „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ’’. კერძოდ, შპს „ბათომი დეველოპმენტი“ საპროექტო ტერიტორიაზე, ხელშემწყობი ღონისძიების ფარგლებში, ფუნქციური ზონით და მისი რეგლამენტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით, გეგმავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. პროექტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, ბაგრატიონის ქ. N127-სა და მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე.