სამუშაო შეხვედრა ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი მურვანიძე იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც ტურისტული სეზონის სრულფასოვნად და ეფექტიანად წარმართვაზე არიან პასუხისმგებლები.
ტურისტული სეზონი ქალაქის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე დატვირთვის გაზრდას გულისხმობს. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიეცათ დავალებები ნარჩენების მართვის, სატრანსპორტო ნაკადებისა და მუნიციპალური სერვისების მონიტორინგის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სეზონზე ქალაქის ქუჩებისა და სანაპირო ზოლის დასუფთავების მიზნით იმუშავებს დამატებითი მობილური ჯგუფები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია, რათა უზრუნველყონ ქალაქის გამართულად ფუნქციონირება და კომფორტული, უსაფრთხო გარემო სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე.