შეხვდა აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე პირადად მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და განიხილეს მხარდაჭერის ის მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.
გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ბათუმის მერის გიორგი ცინცაძის თქმით, დევნილ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს მუშაობას დევნილი ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.