უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელი შერეული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფს ბათუმის ვიცემერი ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ბათუმის მერიის, საკრებულოს, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს კომისიის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ უსახლკაროდ რეგისტრაციის წესით დადგენილი კრიტერიუმების გამარტივებასა და შეცვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოსაზრებები და კრიტერიუმები.
წარმოდგენილ წინადადებებს კომისია განიხილავს და შეაფასებს. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი ცვლილები, მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრისის საჭიროების მქონე უფრო მეტი უსახლკარო პირის ან ოჯახის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.
სამუშაო კომისიის ფორმატში, მიღწეული იქნა შეთანხმება ცალკეული კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით. კომისია ასევე შეთანხმდა მომდევნო სხდომის ერთი თვის განმავლობაში გამართვის თაობაზე. კრიტერიუმების შეცვლის შემდგომ გაგრძელდება უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღება და საბოლოოდ მოხდება ყველა მსგავსი პირისა თუ ოჯახის საკითხის შესწავლა.
განმცხადებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ შეცვლილ კრიტერიუმებს და დარეგისტრირდებიან უსახლკაროთა ბაზაში, ბათუმის მერიის მიერ, პრიორიტეტების მიხედვით, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრისით.