ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელთან, შოთა ყიფიანთან ერთად, ვეტერანებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ტურნირს დაესწრო.
„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს ქვეყანას მიუძღვნეს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს სამშობლოს წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს”, - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანთა ოჯახის წევრები და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე ესწრებოდნენ.